არქეოლოგიის კლუბის პროექტი, ესეების კონკურსი.
- Students Archaeologyclub
- Dec 24, 2020
- 3 min read

ესეების კონკურსი „არქეოლოგიის როლი ტურიზმის განვითარებაში“
„Where are you from? ანუ არქეოლოგიური ტურიზმი“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეიჯორი: არქეოლოგია
ავტორი: ნატალია ჯალაღონია
თბილისი
2020
-Where are you from?
-I am from Georgia.
-Ah, the United states…
-No, I am from the republic of Georgia!
ასეთი საუბარი რამდენჯერ გქონიათ? მე უამრავჯერ. ბევრს საერთოდ არ სმენია ასეთი ქვეყნის შესახებ, ზოგს სმენია, მაგრამ ბევრი არაფერი იცის. ზოგს ჰგონია, რომ ეხუმრები. მოკლედ, რომ დაარწმუნებ, ნამდვილად ქვეყანა საქართველოდან ხარ, ნამდვილად ნამდვილი ხარ და არაფრით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან, საუბრის მეორე ნაწილში საქართველო უნდა აღწერო. თქვენ რას ყვებით ხოლმე? ალბათ, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, უყვებით, რომ ღვინის სამშობლოდან ხართ. მერე იმას, რომ საქართველო უძველესი სახელმწიფოა - უდიდესი კულტურითა და ტრადიციებით. თუმცა, სიტყვები მხოლოდ სიტყვებად რომ არ დარჩეს, ფაქტებად უნდა ვაქციოთ. ფაქტებად კი, როგორც ვაქცევთ, თუკი მტკიცებულებები არ გვექნება. და, აი, სწორედ სად ჩნდება არქეოლოგიის ფუნქციური დატვირთვაც.
ზემოთ წარმოდგენილ საუბარში ერთი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ - როგორც კი დაიწყებთ საუბარს საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, იმავე წამს გაჩნდება კითხვის ავტორის სკეპტიკურ მზერა, რაზეც დასაბუთებული პასუხი უნდა გქონდეთ მზად.
აი, მაგალითად, შეგიძლიათ ურჩიოთ, შევიდნენ გინესის რეკორდების წიგნის ვებსაიტზე ან წაიკითხონ BBC-ისა თუ New York Times-ის სტატიები, სადაც საუბარია ძვ.წ.-ით 6 000-5 800 წლით დათარიღებულ ღვინის ნიმუშებზე, რომელიც გადაჭრილი გორასა და შულავერის გორას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს.
აქვე ისიც შეგიძლიათ დაამატოთ, რომ ადრეული ნეოლითის პერიოდის ღვინის ნაშთები ჭურჭელშია შემონახული და ეს ჭურჭელი 600-1 000 წლით უფრო ძველია ირანში აღმოჩენილ ნიმუშებზე.
ეს საუბარი 10-დან ხუთ ადამიანზე მაინც მოახდენს შთაბეჭდილებას და ამ ხუთიდან ორი მაინც ეწვევა საქართველოს. აი, ასე ქმნის არქეოლოგია ტურისტულ პოტენციალს.
ზოგადად, რატომ არის ტურისტებისათვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა? რა არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირების მთავარი ნიშა? რა თქმა უნდა, ის, რომ ღვინის აკვანი პირველად აქ დაირწა. ეს კი, სხვა ვერაფრით ვერ დადასტურდებოდა, რომ არა არქეოლოგია. არქეოლოგია ხომ ის მეცნიერებაა, რომელიც კაცობრიობის ისტორიას ნივთიერი მტკიცებულებების მიხედვით სწავლობს. მოკლედ რომ ვთქვათ, არქეოლოგია სრულყოფილი მეცნიერებაა, რომელიც ცდილობს, ისტორიულ ფაქტებს საფუძველი გაუმყაროს.
საქართველოს ყველა რეგიონი მდიდარია არქეოლოგიური თვალსაზრისით - აქ პალეოლოთის არქეოლოგიურ ძეგლებსაც კი ვხვდებით. არქოლოგიური აღმოჩენები ამტკიცებს, რომ ე.წ. პირველი ევროპელები აქ ცხოვრობდნენ. ეს არის ქვეყნის ის ნიშა, რომელიც, ტურისტული მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად წინ უნდა იყოს წამოწეული.
არსებობს ასეთი ტერმინი - არქეოლოგიური ტურიზმი, რომელიც საქართველოსთვის უცხო ხილია. არადა, უცნაურია, რომ ქვეყანა, რომელსაც ამხელა არქეოლოგიური კულტურა აქვს, ამ დარგს სასიკეთოდ ვერ იყენებს. კი, ცალკეულად არსებობს გარკვეული ძვრები, მაგრამ ტურისტული არქეოლოგია ერთ მთლიან ორგანიზმს არ ქმნის. სწორედ ამიტომ არის, რომ, კვლევების მიხედვით, ტურისტები საქართველოს ძირითადად კურორტებზე დასასვენებლად სტუმრობენ. არადა, საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია ეყრდნობა ტურიზმის მდგრადი განვითარების მსოფლიოში აღიარებულ პრინციპებს, რაც ტურიზმის მომიჯნავე დარგების სტიმულირებას ნიშნავს.
რატომ მოგზაურობენ ადამიანები? ბუნებრივია, ყველას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ვერსად გავექცევით ფაქტებს, რომ არქეოლოგიური ტურიზმი ერთ-ერთი მოწინავე დარგად ჩამოყალიბდა. ეგვიპტეში ყველაზე ხშირად პირამიდის მოსანახულებლად მიდიან; ადამიანებს აინტერესებთ ინკების კულტურა და ამისთვის მაჩუ-პიქჩუს სტუმრობენ; ნაწილს შესაძლოა ნეოლითური კულტურა და რიტუალები აინტერესებდეს და სტოუნჰენჯს ესტუმროს; თუ ანტიკურ საბერძნეთში მოგზაურობა მოუნდება ვიღაცას, ათენის ისტორიულ ნაწილს ეწვევა... ეს ძეგლები ისტორიას შეულამაზებლად და ცოცხლად ყვებიან.
არქეოლოგიური ტურიზმი არის უძველესი ისტორიული ძეგლების მონახულება, მეტი ისტორიული წვდომისათვის. თუმცა, ბუნებრივია, ეს სულ არ ნიშნავს მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლების მონახულებას, შესაძლოა, იყოს მუზეუმებში ვიზიტი, ტრადიციული რეწვისა თუ კულტურული მახასიათებლების პირდაპირი გაცნობა და ა.შ.
არქეოლოგიური ტურიზმი არის წარსულში მოგზაურობა, რომელიც სახელმწიფოს შემოსავალს საგრძნობლად ზრდის, მით უმეტეს, თუკი ქვეყანას ამის აბსოლუტურად ადეკვატური პოტენციალი აქვს. ამ მიზნით ჩამოსული ვიზიტორი გაწეული ხარჯებით პარალელურად სხვა დარგებსაც ეხმარება. მეორე მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს და ცნობადობას ზრდის.
ბუნებრივია, არქეოლოგიურ ტურიზმს თავისებური საფრთხეებიც ახლავს. თუნდაც, კულტურული ძეგლების დაზიანება. თუმცა, ყოველთვის შეიძლება პრევენციული ზომების მიღება. მაგალითად, ათენის აკროპოლისში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ტურისტი არ დაიშვება და ამაზე ჯარიმაა. სტოუნჰენჯს თუ ესტუმრებით, მის ხილვას საკმაოდ შორი მანძილიდან შეძლებთ, რადგანაც იგი ხელოვნურადაა შემოსაზღვრული. წარმოიდგინეთ, ქვებზე ხელის მოკიდების უფლება ყველას რომ ჰქონდეს.
არქეოლოგიური კულტურა ის რესურსია, რომლის სწორად გამოყენებაც ქვეყნის დოვლათის შექმნაში უდიდეს როლს ასრულებს. ის ჯაჭვურობის პრინციპით უკავშირდება ტურიზმსაც, ეკონომიკასაც, კულტურასაც... თუმცა, მხოლოდ რაღაცის ქონა არ არის საკმარისი, არქეოლოგიურ ძეგლებსაც სჭირდებათ შესაბამისი პატრონობა, ინფრასტრუქტურა, შესწავლა და პოპულარიზაცია.
Comentarios