top of page
Search

დოლოჭოპის ბაზილიკა

  • ნინო ხვედელიძე
  • Feb 21, 2021
  • 4 min read

დოლოჭოპის ბაზილიკა

საქართველოს წარსული იმდენად მრავალფეროვანი და ამოუხსენლია რომ მრავალი წელი დასჭირდებათ არქეოლოგებს მის გამოსაცნობად. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეფეები, მეომრები, ხუროთმოძღვრები თუ უბრალო გლეხები ქმნიდნენ და ამრავალფეროვნებდნენ ჩვენს ქვეყანას. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, ქართულ მიწაზე, დაუდგამს ფეხი ადამიანებს და შეუქმნიათ ის მემკვიდრეობა, რასაც ჩვენი არქეოლოგების დიდი შრომის შედეგად მივაკვლიეთ და გავხადეთ თვალსაჩინო მსოფლიოსთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით მიწაში თუ მიწის ზედაპირზე, ველებზე თუ „უღრან“ ტყეებში აღმოჩენილა ის საგანძური, რაც ქართულ მუზეუმებს, კოლექციონერებს თუ ქვეყნის სახელს ამშვენებს. სწორედაც ზემოთ აღნიშნულ „უღრან“ ტყებში მიაკვლიეს, 2004 წელს ნეკრესის ნაქალაქარის მიდამოების უცნობი ძეგლების დაზვერვითი სამუშაოების დროს, ჩვენთვის ერთობ მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც „დოლოჭოპის ბაზილიკის“ (სურ. 1) სახელით ვიცნობთ. მიუხედავად ასეთი საინტერესო და საყურადღებო ძეგლის არსებობისა, სამწუხაროთ არქეოლოგიური გათხრები ამ ტერიტორიაზე მხოლოდამხოლოდ 2012 წელს დაიწყო და მას აწარმოებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, სტუდენტების და მოწვეული სპეციალისტის ჯგუფი.



(სურ. 1)

საინტერესოა რომ აღნიშნული ძეგლის შესახებ ისტორიული დოკუმენტები ჯერ-ჯერობით არაფერს გვამცნობენ. მისი სახელწოდება „დოლოჭოპი“ წარსულში ამ ტერიტორიაზე, მდებარე სოფლის შესახებ ქ. ყვარელში მცხოვრებთა მეხსიერებაში შემონახული თქმულებიდან მომდინარეობს. როგორც კვლევებით დადასტურდა ის უნდა ეკუთვნოდეს ქართული ქრისტიანული ბაზილიკური ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპს და აგებული უნდა იყოს სავარაუდოდ V საუკუნის I ნახევარში და „განადგურდა“ VIII-IX საუკუნეებში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს მურვან-ყრუს ლაშქარი შემოესია.

აღნოშნული ბაზილიკა ქ. ყვარელში მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. გათხრების შედეგად დადგინდა რომ ის ყოფილა 35.7 მ სიგრძისა და 18 მ სიგანის ტაძარი. ყოველ კედელში, გარდა აღმოსავლეთისა, თითო შესასვლელი კარი ყოფილა დატანებული. მისი ნაოსი 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით სამ ნავად იყო დაყოფილი. (სურ. 2)



სურ. 2

ბაზილიკის კედლები და სვეტები აგებული ყოფილა მკვრივი კირქვის ფლეთილი და რიყეზე ნაგროვები, კარგად ნარჩევი, დიდი ზომის ქვებით, დუღაბის ხსნარზე. კუთხეებში, ღიობების ნაპირებში, თაღების გამოსაყვანად და სვეტების კაპიტელებად, კარგად ნათალი შირიმის ქვა ყოფილა გამოყენებული.


სურ. 3


სურ. 4




სურ. 5

შუა ნავი აღმოსავლეთით მკვეთრად ნალისებური გეგმის აფსიდითაა დასრულებული, რომელიც ზემოდან, ქვის კონქით იყო დასრულებული. საკურთხეველი წარმოდგენილი იყო ოთხსაფეხურიანი ხარისხით, რომლის ანალოგიც საქართველოში დღემდე არ ყოფილა აღმოჩენილი. (სურ. 5, სურ. 6)


სურ. 6

საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ, გვერდითა ნავების გაგრძელებაზე, სწორკუთხა გეგმის პასტოფორიუმები (სურ. 6) - სავარაუდოდ სადიაკვნე და სამკვეთლოა მოწყობილი, შესასვლელებით ამ ნავებიდან. საინტერესოა რომ საკურთხევლის ჩრდილოეთით მდებარე პასტოფორიუმს თავდაპირველად ჩრდილოეთიდან შესასვლელი კარიც ჰქონია, რომელიც მოგვიანებით ქვითკირის შედარებით ვიწრო და სუსტშემკვრელი წყობით ამოუშენებიათ და გაუუქმებიათ. რაც შეეხება სამხრეთის პასტოფორიუმს, მისი თავისებურება იმაში გამოიხატება რომ თითქმის 3 მ-ზე მაღალ ნიშნულზე შემორჩენილ არცერთ მის კედელში არ ჩანს დატანებული სარკმელი ან სასინათლო ხვრელი, მაგრამ სავარაუდოა რომ ამ ოთახს სარკმელი მაინც ექნებოდა, თუმცა სამხრეთის კედლის ძალზე მაღალ რეგისტრში დატანებული.



სურ. 7

იატაკებზე და ნანგრევებში მიმოფანტული, ნათალი, ცალმხრივ მორკალული შირიმის ბლოკების ფორმების შესწავლით დადგინდა რომ ისინი მხოლოდ ბაზილიკის ნავებად დამყოფი სვეტების (სურ. 7) ერთმანეთთან გრძივად დამაკავშირებელი თაღების, ასევე კარებების და სარკმელების ზემოდან მომზღუდავი თაღების ელემენტებია. თავდაპირველი იატაკის დონეზე, ნახშირის ნაწილაკების შემცველ, დამწვარ კრამიტების ფენასთან (სურ. 9) ერთადაღმოჩენილ იქნა დიდი ზომის, ათეულობით ნაჭედი ლურსმანი ე.წ „ყადაღები“. (სურ. 8)



სურ. 8



სურ. 9

ეს მიუთითებს იმაზე რომ ბაზილიკა ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი კრამიტის საბურველით ყოფილა გადახურული. დიდი რაოდენობით გამოვლინდა კრამიტით გადახურული სახურავების ფერდების დაბოლოებებზე გაყოლებული, თიხის ცალმხრივ დაკბილული და თეთრ-წითლად მოხატული ანტეფიქსების ფრაგმენტები. ისინი უმთავრესად კოლონების გრძივი მწკრივების და კედლების გასწვრივ დაფიქსირდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბაზილიკის შუა ნავი გვერდითებზე მაღალი, ორფერდა სახურავით იყო გადახურული. ნავების გამყოფ თაღნარზე დაყრდნობილ კედელთა სულ ზედა რეგისტრში, ცენტრალური და გვერდითი ნავების სახურავებს შორის მოქცეულ მონაკვეთში, გარკვეული ინტერვალით დატანებული იქნებოდა ფართო სარკმელები, რასაც ამ კედლების გასწვრივ ნაპოვნი შირიმის ძლიერ მორკალული სარკმელის თავები ადასტურებს.



სურ. 10

დოლოჭოპის ბაზილიკაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ტაძრის პირველ ფაზაზე ფუნქციონირების ხანის რამდენიმე ისეთი ჭურჭლის ფრაგმენტები (სურ. 10), რომელიც განეკუთვნებიან V საუკუნის ნაწარმს. მაგალითად: სამტუჩა, მსხლისებრი მუცლიანი დოქის ნაწილები, სავარცხლისებრი იარაღით ტალღოვანი ნაკაწრი ორნამენტით შემკული ჭინჭილების ფრაგმენტები, პირმოყრილი, მოწითალოდ შეღებილი და კარგად ნაპრიალები ჯამების პირები და სხვა. მას შემდეგ რაც ბაზილიკა დაინგრა, მის ადგილზე დარბაზული ტიპის ეკლესია ააგეს, რომელიც ცხადია, ამჯერად მხოლოდ ორფერდა სახურავქვეშ იყო მოქცეული. მისი დანგრევის თარიღი დადგენილი არაა. გარდა ამისა, ნანგრევებში მოყოლილ იქნა წყლით სავსე ქვევრი (სურ. 11), რომელსაც ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და დადგინდა რომ ეს იყო 1200 წელზე მეტი ხნის სუფთა სასმელი წყალი.




სურ. 11




ტაძრის დანგრევისა და ღვთისმსახურების მოშლის შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებს ტაძრის ტერიტორიაზე მეტად მჭიდრო სამაროვანი (სურ. 12) მოუწყიათ. ბაზილიკის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი საფლავი გამოვლინდა.


სურ. 12





სურ. 13




სურ. 14

ეს სამარხები, როგორც წესი, ქვაყუთების ტიპის ყოფილა - ოთხი მხრიდან საკმაოდ კარგად დამუშავებული ქვის ფილებით მოზღუდული, ზემოდან კი უმეტესწილად 2-დან 4-მდე ბრტყელი ქვის ფილით დახურული. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე დამხრობილი ეს სამარხები, როგორც წესი, კოლექტიურები (სურ. 13, სურ. 14) ყოფილა: მათში სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანთა ნეშტები გვხვდება თავით დასავლეთით; ამათგან, ბოლოს დამარხულების პოზა აშკარად ზურგზე გაშოტილია და გულზე ან მუცელზე ხელებდაკრეფილი ყოფილა, ადრე დამარხულების ძვლები კი გვერდზე ან აღმოსავლეთ კიდეშია მიხვეტილი, თუმცა მათი ზოგიერთი ნაწილი ადგილზეა და მათი ქრისტიანულ პოზაში დამარხვაც უდავოა. ამდენად, ამ ქვა-სამარხების სახით საქმე გვაქვს ადრეუალ და განვითარებულ შუა საუკუნეების საქართველოში გავრცელებულ ოჯახურ საძვალეებთან და ბუნებრივია, მათში სოფლის მცხოვრები საერო პირები იკრძალებოდნენ. თითქმის ყოველი სამარხი კარგადაა დათარიღებული კერამიკული ნაკეთობების ფრაგმენტებით, ტანსაცმლის ატრიბუტებითა თუ სამკაულებით. როგორც ბატონი ნოდარ ბახტაძე ვარაუდობს, ბაზილიკის ცენტრში აღმოჩენილი სამარხი, რომელიც საკამოდ დაბლა იყო, უნდა ეკუთვნოდეს ამ ტაძრის მაშენებელ ეპისკოპოსს.



სურ. 15



სურ. 16

განვითარებული შუა საუკუნეების შემდგომი კულტურული ფენა, უშუალოდ დოლოჭოპის ბაზილიკის ტერიტორიაზე არ შეინიშნება. სავარაუდოდ ბაზილიკის მიდამოებში მდებარე სოფელმა თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად, XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე ფუნქციონირება შეწყვიტა.


გათხრებმა ძალიან მნიშნელოვანი შედეგი დადო ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური პოტენციალის წარმოჩენის საკითხში. „დოლოჭოპის სამნავიანი ბაზილიკის“ არსებობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს სიახლოვეს ბერძნულ, ქრისტიანულ სამყაროსთან. როგორც კვლევებით დადგინდა, აღნიშნული ბაზილიკის მსგავსი ტაძარი ჯერ-ჯერობით არაა აღმოჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. სავარაუდოა რომ მის აგებაში მონაწილეობას იღებდა ან საბერძნეთიდან გამოგზავნილი სპეციალისტები ან ბერძნულ-რომაულ კულტურას ნაზიარები ქართველი ხუროთმოძღვრები. ცხადია რომ ბაზილიკა ბერძნული ბაზილიკების ანალოგს წარმოადგენს. ამასთან მისი ზომები, აშენების ტექნიკა და ა.შ გვესაუბრება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ნათელი ხდება რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი იყო ეს რეგიონი ქვეყნისთვის და რა მნიშვნელობა ჰქონდა „დოლოჭოპის ბაზილიკის“ არსებობას. მეტად საამაყოა ქართველი ხალხისთვის ის ფაქტი რომ ჯერ-კიდევ IV-V საუკუნეებში ასეთი შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზილიკა გვქონდა. ეს არის ადგილი, რომლის წაკითხვის შედეგადაც ახალი ისტორია დაიწერება.



სურ. 17




გამოყენებული ლიტერატურა:







 
 
 

Recent Posts

See All
ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათის, იგივე „ბრინჯაოს“ მღვიმე მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, მდ. ჭიშურას ხეობაში, ზღვის დონიდან 320...

 
 
 

Comentarios


bottom of page